მედია – აშშ უკრაინისთვის შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას გეგმავს
02/06/2022 10:33:24 მსოფლიო
ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს უკრაინას მიჰყიდოს ოთხი ერთეული "MQ-1C Grey Eagle"–ს ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, "Hellfire"-ს რაკეტებით აღიჭურვოს, – იუწყება Reuters.
"MQ-1C Grey Eagle"–ს შეუძლია 30 ან მეტ საათამდე ფრენა, მას შეუძლია, შეაგროვოს დიდი რაოდენობით მონაცემები სადაზვერვო მიზნებისთვის, ასევე Hellfire-ს რაკეტის გადატანა.
გამოცემის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, კონგრესს აცნობოს უკრაინისთვის პოტენციური მიყიდვის შესახებ უახლოეს დღეებში საჯარო განცხადების შემდეგ.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


