Accentnews.ge
ომის 99–ე დღე: უკრაინის გენშტაბი პუტინის ომში რუსეთის დანაკარგების შესახებ იუწყება

ომის 99–ე დღე: უკრაინის გენშტაბი პუტინის ომში რუსეთის დანაკარგების შესახებ იუწყება

02/06/2022 08:05:50 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 30 850 ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 2 ივნისის მდგომარეობით დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 30 850 (+150 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები 1 363 (+2),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3 354 (+11),
  • საარტილერიო სისტემები - 661 ​​(+2),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 207,
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 95 (+1),
  • თვითმფრინავი - 210 (+2),
  • ვერტმფრენები - 175,
  • გემები / ნავები - 13,
  • საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2 325 (+35),
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 521 (+2),
  • სპეციალური აღჭურვილობა - 51 (+2),
  • საკრუიზო რაკეტა – 120.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა ყველაზე დიდი ზარალი ბოლო დღე–ღამის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით განიცადეს.

გარდა ამისა, როგორც უკრაინის ოპერატიული სარდლობა იუწყება, უკრაინელი სამხედროები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში თავს დაესხნენ მტრის სამ საველე საბრძოლო საცავს და ორი ჩქაროსნული სადესანტო კატერი ჩაძირეს.

ამავე წყაროს ცნობით, რუსი სამხედროები კატარებს დნეპერ-ბუგის შესართავში მალავდნენ და ისინი დივერსიული და სადაზვერვო მოქმედებების შესასრულებლად მზადყოფნაში იყვნენ.

უკრაინის ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ერთი საზენიტო და ერთი თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობა, 4 ტანკი, 4 ერთეული ბრონირებული და საავტომობილო ტექნიკა და 3 უპილოტო საფრენი აპარატი.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსული ძალები სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.

2 ივნისის ანგარიშის მიხედვით, ქალაქ ლისიჩანსკამდე გზა დიდი ალბათობით, ისევ უკრაინელების კონტროლის ქვეშაა, თუმცა რუსული ჯარი, არტილერიის დიდი კონცენტრაციის ხარჯზე, აგრძელებს წინსვლას მნიშვნელოვანი დანაკარგებით.

უწყება განმარტავს, რომ ლუჰანსკის რეგიონზე კონტროლის გასამყარებლად და დონეცკში ძალების გადართვის მიზნით, რუსეთის არმიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გადავიდეს მდინარე ჩრდილოეთის დონეცზე, რომელიც ბუნებრივი ბარიერია მისი შეტევისთვის:

"პოტენციური გადასვლებია სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის და ცოტა ხნის წინ დაკავებულ ლიმანში. თუმცაღა, უკრაინული არმია, დიდი ალბათობით, მდინარის ნაპირებს კვლავ კონტროლს და მან ააფეთქა ხიდები", - აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ რუსეთს ტაქტიკური პაუზა დასჭირდება, რათა მდინარეზე გადავიდეს.

მოსკოვს ბოლო დროს უკრაინის წინააღმდეგ ომში საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მარტის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში 10000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. 15 აპრილს ქრისტო გროზევმა, Bellingcat-ის საგამოძიებო ჟურნალისტური პროექტის დირექტორმა განაცხადა, რომ იმ დროს რუსეთის ფედერაციამ დაკარგა მინიმუმ 16000 სამხედრო.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო, მაგრამ უკრაინელების წინააღმდეგობის გამო ვერ მიაღწია სასურველს, კერძოდ კიევის აღებას. 22 აპრილს რუსეთმა გამოაცხადა ახალი გეგმები უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ „მეორე ფაზის“ დროს: დაამყარონ სრული კონტროლი დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა უზრუნველყონ სახმელეთო დერეფანი ანექსირებული ყირიმისთვის და მიეღოთ წვდომა დნესტრისპირეთში. თუმცა, დასავლური დაზვერვის თანახმად, რუსეთის წარმატებები დონბასში შეზღუდულია და მიღწეულია რუსული ჯარების მნიშვნელოვანი დანაკარგებით უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S