უკრაინის გენშტაბი: "უკრაინულმა ძალებმა მტრის წინსვლის მცდელობები რამდენიმე მიმართულებით აღკვეთეს"
01/06/2022 17:53:43 მსოფლიო
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა მტრის წინსვლის მცდელობები რამდენიმე მიმართულებით აღკვეთეს.
მისი ცნობით, რუსულმა ძალებმა უშედეგოდ სცადეს წინსვლა ქალაქ სლოვიანსკის ჩრდილოეთით.
"რუსული არტილერია მიმართული იყო უკრაინის თავდაცვის გასარღვევად ქალაქ რიდნესა და სვიატოგირსკში, რომელიც მდებარეობს სლოვიანსკის ჩრდილოეთით. რუსულმა ძალებმა ამ მიმართულებით ორი სოფლის აღება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მსგავსი ვითარება იყო ბახმუტის მიმართულებით, სადაც უკრაინულმა ძალებმა მტრის წინსვლის მცდელობები ასევე აღკვეთეს", – იუწყება გენშტაბი.
მისი მონაცემებით, რუსები აგრძელებენ სევეროდონეცკის შტურმს და აკონტროლებენ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს.
როგორც გენშტაბში აცხადებენ, უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მიკოლაივში მტერი აგრძელებს სროლებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და დასახლებული ტერიტორიების მიმართულებით.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


