აშშ უკრაინას დამატებით 700 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს
01/06/2022 17:13:21 მსოფლიო
აშშ უკრაინას დამატებით 700 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ნატო–ს გენმდივალ იენს სტომტენბერგთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
ეს დახმარება ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გამოყოფილი დახმარების რიგით მე–11 პაკეტია.
„ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება გააძლიერებს უკრაინის პოზიციას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ხელს შეუწყობს ბრძოლის ველზე გამარჯვებების უზრუნველყოფას და საბოლოოდ გააძლიერებს უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, "აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინის გვერდით იქნებიან იმდენ ხანს, რამდენიც იქნება საჭირო“.
შეერთებული შტატები უკრაინას ამერიკული წარმოების მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის.
HIMARS–ები უკრაინას საშუალებას მისცემს რაკეტები დაახლოებით 80 კილომეტრზე გაუშვას. ეს ბევრად ნაკლებია სისტემების მაქსიმალურ დიაპაზონთან შედარებით, რომელიც დაახლოებით 300 კილომეტრია, მაგრამ ბევრად აღემატება ყველა იმ იარაღის მოქმედების მანძილს, რაც უკრაინას დღემდე აქვს მიღებული.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


