უკრაინასა და პოლონეთს შორის მთავრობათაშორისი კონსულტაციები დაიწყო
01/06/2022 15:46:28 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა-პოლონეთს შორის მთავრობათაშორისი კონსულტაციები დაიწყო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პროცესს ისტორიული უწოდა.
"ჩვენი მთავრობები ამ ფორმატში პირველად მუშაობენ. ეს არის ისტორიული და აუცილებლად იქნება პროდუქტიული. ვაფასებთ პოლონეთის უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელებისთვის. ჩვენს თბილ და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა - ძლიერი და ისტორიული. მადლობა ყველაფრისთვის და ჩვენ ნამდვილად გვჯერა ჩვენი დიდი საერთო მომავლის", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ კი განაცხადა, რომ პოლონეთი და უკრაინა რამდენიმე ახალი ეკონომიკური შეთანხმებით სარგებელს მიიღებენ:
"დღეს ჩვენ, კონკრეტულ სამინისტროებს შორის, რამდენიმე შეთანხმებას ვამზადებთ, რომლებიც უკრაინას დაეხმარება და პოლონეთს ეკონომიკურ იმპულსს მისცემს. მაგალითად, ეს არის შეთანხმებები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ".
მისი თქმით, პოლონური კომპანიები უკრაინის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ვიცე-პრემიერთან იაროსლავ კაჩინსკისთან ერთად იმყოფება.


