"უკრაინა ომის კრიტიკულ ფაზას გადის, გვაკლია მძიმე შეიარაღება"
01/06/2022 14:33:13 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინა ამჟამად ომის კრიტიკულ ფაზაშია და მძიმე შეიარაღების ნაკლებობა აქვს.
"ახლა უკრაინა ომის კრიტიკულ ფაზას გადის. აღმოსავლეთში ძალიან სისხლიანი ბრძოლები გვაქვს. მტრის მოსაგერიებლად მძიმე იარაღი გვაკლია, ამიტომ ერთი წუთითაც არ ვჩერდებით", - წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.
მან აღნიშნა, რომ დღეს „კარგ ამბებს ელოდება პოლონეთიდან“, სადაც თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სამუშაოს ასრულებს.
რეზნიკოვის თქმით, გუშინ მას მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან.
”ჩვენ ველით ახალ სასიხარულო ამბებს უახლოეს მომავალში, შეერთებული შტატების გამორჩეული ხელმძღვანელობის წყალობით, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას. რუსეთის წინააღმდეგ“, – წერს რეზნიკოვი.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


