
4 ივნისს საპატრიარქო ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის
01/06/2022 12:16:51 საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო მეფე ერეკლე მეორეს სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გამართვას აანონსებს. საპატრიარქოს პრეს–სამსახურის ცნობით, პანაშვიდი 4 ივნისს სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართება.
„გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი. გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს", -ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ერეკლე მეფესთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობის ფონია ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეფის შესახებ ნათქვამი ფრაზა. ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა, რის გამოც თავად გახდა კრიტიკის სამიზნე. გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერები ითხოვენ, აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის, თელავში კი 28 მაისს საჯარო მოხელეების მონაწილეობით ერეკლე მეორეს მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.