აშშ-ისა და ნიდერლანდების თვითმფრინავებმა შავი ზღვის რეგიონში ერთობლივი პატრულირება განახორციელეს
01/06/2022 11:58:27 მსოფლიო
აშშ-ისა და ნიდერლანდების თვითმფრინავებმა შავი ზღვის რეგიონში ერთობლივი პატრულირება განახორციელეს, – იუწყება ნატო-ს საჰაერო ძალების გაერთიანებული სარდლობა.
მისი ცნობით, გერმანიის შპანგდალის სამხედრო ბაზაზე განლაგებული ამერიკული „ეფ-35“-ის ტიპის ავიაგამადგურებლები ბულგარეთში გაფრინდნენ აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს მოქმედებების მხარდასაჭერად. ჩასვლისთანავე მათ შეუერთდნენ ბულგარეთში განლაგებული ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალების „ეფ-35“-ები. ამერიკული თვითმფრინავები ბულგარეთის საჰაერო ძალების ბაზა „გრაფ იგნატიევზე“ ხელისუფლების ნებართვით დაეშვნენ. ამის შემდეგ აშშ-ისა და ნიდერლანდების სამხედრო თვითმფრინავებმა ერთობლივი პატრულირება ბულგარეთის საჰაერო სივრცეში განახორციელეს.
„ალიანსის თვითმფრინავები რეგულარულად მოქმედებენ შავი ზღვის რეგიონში, რათა დახვეწონ კომუნიკაციის უნარები და გააძლიერონ ურთიერთთანამშრომლობა მომავალი მისიებისთვის“, – აცხადებს ბრიგადის გენერალი კრისტოფ პლიტი.


