ბრიტანეთი და ევროკავშირი რუსეთის ნავთობის გადამზიდი გემების დაზღვევასკრძალავენ
01/06/2022 11:44:44 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, აკრძალონ რუსეთის ნავთობის გადამზიდი გემების დაზღვევა. ამის შესახებ The Financial Times იტყობინება.
მისი ცნობით, რუსეთის ნავთობის გადამზიდ გემებს წვდომა არ ექნებათ დაზღვევის ბრიტანულ ბაზარ Lloydʼs-ზე ლონდონში, რომელიც მსოფლიოში უდიდესია საზღვაო გადაზიდვების სფეროში. ეს რუსეთს უზღუდავს ნედლი ნავთობის ზღვით ტრანსპორტირების შესაძლებლობებს. მოსკოვს მოუწევს, სხვაგან დააზღვიოს გემები.
გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთის სადაზღვევო მომსახურების ბაზრის წარმომადგენლები ემბარგოს წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ისინი მიუთითებდნენ იმაზე, რომ ძნელია ზუსტად დადგენა იმ ნავთობის წარმომავლობისა, რომელსაც გადაზიდავენ რუსეთის პორტებიდან მომავალი გემები. მაგალითად, იქ შეიძლება მოხვდეს ნავთობი ყაზახეთიდან.
რუსეთის ნავთობის საზღვაო გზით გადაზიდვის დაზღვევის აკრძალვამ შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდა. ამჟამად Brent-ს მარკის ნავთობის ფასმა ორ თვეში მაქსიმუმს მიაღწია და 123 დოლარი შეადგინა ერთი ბარელისთვის.
31 მაისს ევროკავშირმა შეათანხმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელშიც ასევე შედის აკრძალვა რუსეთის ნავთობის ექსპორტზე. სანქციები არ ეხება ნავთობის მიწოდებას ნავთობსადენებით. მიუხედავად ამისა, წლის ბლოსთვის ევროკავშირში რუსული ნავთობის მიწოდება შესაძლოა 90%-ით შემცირდეს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრები განიხილავენ ნავთობის მოპოვების თაობაზე შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობას. OPEC-ში ამ საკითხის განხილვა იმით ახსნეს, რომ ევროპული სანქციები და ემბარგო თანდათან „ძირს უთხრის მოსკოვის შესაძლებლობებს, მოიპოვოს მეტი ნავთობი“. გამოცემის თანახმად, რუსეთში ნავთობის მოპოვება წელს დაახლოებით 8%-ით შემცირდება.


