შვეიცარიამ დანიას უკრაინაში შვეიცარიული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნის ნებართვა არ მისცა
01/06/2022 09:24:51 მსოფლიო
შვეიცარიის მთავრობამ ვეტო დაადო დანიის მოთხოვნას უკრაინაში შვეიცარიული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნის თაობაზე.
გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყნის ნეიტრალიტეტის პოლიტიკა დაასახელეს, რომლის თანახმადაც შვეიცარია კონფლიქტის ზონებს იარაღს არ აწვდის.
შვეიცარია იმ ქვეყნებს, რომლებიც შვეიცარიულ იარაღს ყიდულობენ, რეექსპორტისთვის მისგან ნებართვის აღებას სთხოვს.
აპრილში შვეიცარიამ ვეტო დაადო გერმანიის მიერ შვეიცარიული წარმოების საბრძოლო მასალის უკრაინაში რეექსპორტს, მან ასევე უარი უთხრა პოლონეთს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნაზე.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


