
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთს პუტინის ახალ სამხედრო სტრატეგიასთან ადაპტირებისკენ მოუწოდებს
01/06/2022 07:10:49 ევროპა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი დასავლეთს მოუწოდებს, უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის ახალ სამხედრო სტრატეგიასთან ადაპტირდეს.
მისი თქმით, პუტინი ვარაუდობდა, რომ შეეძლო „სწრაფი და სასტიკი შეჭრა უკრაინაში და შემდეგ ქვეყნის დანგრევა, მაგრამ ახლა ხედავს, რომ ეს არ მუშაობს და ამჟამად მისი სტრატეგია გრძელვადიანია“:
"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას იმგვარად, რომ ეს მხარდაჭერა იყოს მდგრადი“, - განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა და დასძინა, რომ ეს ეხება იარაღის მიწოდებას: „ახლა ჩვენ უნდა შევამოწმოთ, ნამდვილად უზრუნველვყოფთ თუ არა ყველაფერს ამ ახალი სტრატეგიისთვის, რათა უკრაინამ გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა“.
საგარეო საქმეთა მინისტრი გაფრთხილებით გამოვიდა:
„მე მესმის, რომ ზოგი ფიქრობს: თუ იარაღი გაჩუმდება, რადგან პუტინმა თავისი მიიღო, მაშინ ყველაფერი მორჩებაო. ანუ, თითქოს კვლავ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ შემდეგ ისევ არაფერია კარგად, რადგან ძალადობის არარსებობა არ იწვევს მშვიდობასა და თავისუფლებას. რუსული არმია გადაჯგუფდება, ხოლო მისი გამოცხადებული მიზანი არის იმპერიული ილუზია: უკრაინის სრულად დაპყრობა“.