მედია – აშშ უკრაინას HIMARS–ებს უგზავნის
01/06/2022 05:30:05 მსოფლიო
შეერთებული შტატები უკრაინას ამერიკული წარმოების მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, HIMARS–ები უკრაინას საშუალებას მისცემს რაკეტები დაახლოებით 80 კილომეტრზე გაუშვას.
CNN განმარტავს, რომ ეს ბევრად ნაკლებია სისტემების მაქსიმალურ დიაპაზონთან შედარებით, რომელიც დაახლოებით 300 კილომეტრია, მაგრამ ბევრად აღემატება ყველა იმ იარაღის მოქმედების მანძილს, რაც უკრაინას დღემდე აქვს მიღებული.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


