
სევეროდონეცკის ქიმიურ ქარხანაში რაკეტა აზოტმჟავას ცისტერნას მოხვდა
31/05/2022 19:30:21 ევროპა
სევეროდონეცკში, ქიმიურ ქარხანაში რაკეტა აზოტმჟავას ცისტერნას მოხვდა,– ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ დაწერა Telegram-ში.
ჰაიდაიმ გააფრთხილა ხალხი, რომ აზოტმჟავა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.
ქარხანა მდებარეობს სამრეწველო ზონაში, რომელსაც, უკანასკნელი ინფორმაციით, კვლავაც აკონტროლებს უკრაინის არმია.
ლუჰანსკის ოლქში მდებარე სევეროდონეცკი უკანასკნელ დღეებში რუსეთის იერიშების მთავარი სამიზნე გახდა. ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს.
როგორც ხელისუფლება ამბობს, ამჟამად ქალაქში კრიტიკული ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად დანგრეულია. დაზიანებულია საცხოვრებელი ფონდის 90%-მდე, დანგრეული სახლების ნახევარზე მეტის აღდგენა შეუძლებელია.
ადილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის არმიამ ხელთ იგდო სევეროდონეცკის დაახლოებით 70%.
ჰაიდაის ინფორმაციით, უკრაინის ჯარებს აქვთ ქალაქიდან უკან დახევის საშუალება, რათა გადაარჩინონ მეომართა სიცოცხლე და გარედან დაიკავონ თავდაცვითი პოზიციები, რომ ხელი შეუშალონ რუსეთის არმიის შემდგომ წინსვლას.