
პრეზიდენტმა შეწყალებულთა სიის ავტორი დაასახელა
28/09/2019 06:25:39 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ მსჯავრდებულთა სიის ავტორი თვითონ არის.
„შეწყალებულთა სიის ავტორი არის ერთადერთი ადამიანი – პრეზიდენტი, რომელიც ირჩევს ყველა საქმიდან თავისი სუბიექტური შეფასებებიდან გამომდინარე. არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული, ანგელოზი არ არის, არც ერთი არ არის ჩემს მიერ გამართლებული. ეს არიან ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ რაღაც გარემოებებში და რომლებიც, ჩემი შეფასებით, ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა, შემეწყალებინა. ეჭვი არ მაქვს, ყველა ამ საკითხზე შეიძლება იყოს ორი, სამი ან ბევრი სხვადასხვა მოსაზრება. [...] კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ინიციატივით გამოვედი, დაიწყოს წესების სხვანაირად ჩამოყალიბება და დახვეწა. ეს სამუშაო დაწყებულია, მიმდინარეობს. მეორეს მხრივ, რადგანაც იყო ცილისმწამებლური წამოძახილები, პროკურატურა ამ კუთხითაც მუშაობს, დაველოდოთ მათ დასკვნებს“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, შეწყალებაზე მის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი არ არის არავის უფლებების დარღვევა:
"მე გამოვაცხადე ჩემი წუხილი, რომ საზოგადოებაში ამდენი ვნებათაღელვა ატყდა ამ საკითხების შესახებ და ამიტომ, მორატორიუმი გამოვაცხადე. რადგან ამაზეც იყო რეაქციები, ხაზგასმით ვიტყვი, რომ არ არსებობს უფლება, რომ იყო შეწყალებული. მორატორიუმი არ არის არავის უფლებების დარღვევა. ეს არის ფრთხილი გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებაში მოხდა ამ კუთხით. დაველოდოთ გამოძიებას, ამ საკითხზე მე არაფერი ახალი აღარ მაქვს სათქმელი, სამწუხაროდ“.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის არიან მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. მოგვიანებით, პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.