
სამოქალაქო სექტორი ევროკომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს
31/05/2022 14:16:19 საზოგადოება
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს ევროკომისიის პრეზიდენტის სახელზე წერილი გადასცეს. მოქალაქეები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დღეს, 31 მაისს მივიდნენ.
"დღესაც, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას ბევრად მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე რომელიმე ცალკე აღებულ პარტიას, ლიდერს, ინსტიტუტსა თუ პოლიტიკურ პროგრამას, რადგან ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას მტკიცედ სჯერა, რომ თავისი არსით და იდენტობით ევროპელები არიან და რომ მათი ქვეყნის ადგილი თავისუფალი სახელმწიფოების ევროპულ ოჯახშია. დღეს, საფრთხეებითა და გაურკვევლობით აღსავსე ეპოქაში, როდესაც სრულიად ახალი სამყარო იბადება - სწორედ ევროპის იდეა, მისი მშვიდობის, დემოკრატიის, კეთილდღეობის და ყოველი მოქალაქის ღირსების გზა აერთიანებს ყველა ქართველს, განსხვავების და გამყოფი ხაზების მიუხედავად", - აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში.
წერილის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ბოლო 30 წლის მანძილზე სამოქალაქო საზოგადოების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებმაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში წვლილი შეიტანა.
"ამ წერილით, ქართული საზოგადოების წარმომადგენლები და სამოქალაქო ინიციატივის "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" დამფუძნებლები მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის განაცხადს. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების აღიარება იქნება და დააჩქარებს ქვეყნის წინსვლას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ივნისში საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოიპოვებს და ამ სამი ქვეყნის ისტორიაში ამით ახალი ეტაპი დაიწყება", - აღნიშნულია წერილში.
27 მაისს თბილისში ახალი სამოქალაქო ინიციატივის, "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ", პრეზენტაცია გაიმართა. ინიციატივა აერთიანებს არასამთავრობო სექტორის, მედიის, კულტურის წარმომადგენლებს. ღონისძიებაზე წაიკითხეს მანიფესტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებს ითვალისწინებს.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.