ბაიდენი ამბობს, რომ არ აპირებს, უკრაინას მიაწოდოს რაკეტა, რომელმაც შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწიოს
31/05/2022 07:25:51 მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ არ აპირებს, უკრაინას მიაწოდოს რაკეტა, რომელმაც შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწიოს.
"არ გავგზავნი არაფერ ისეთს, რომლის რუსეთში სროლაც შეიძლება". - CNN-ის ცნობით, ასე უპასუხა ბაიდენმა კითხვას, აპირებს თუ არა უკრაინაში დიდი რადიუსის რაკეტების გაგზავნას.
CNN გასულ კვირას წერდა, რომ მათი ინფორმაციით ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავდა, უკრაინისთვის გაეგზავნა დიდი რადიუსის რაკეტები, რომლებსაც უკრაინის მთავრობა ითხოვს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 31 მაისის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები, სევეროდონეცკში სიღრმისკენ მიიწევენ და ბრძოლები უკვე ქალაქის მიასადგომებში მიმდინარეობს:
"რუსეთის სამხედრო ძალების სამხრეთ ჯგუფის ქვედანაყოფები ჩრდილოეთიდან მიმავალი ძალების ცენტრალური ჯგუფის მხარდაჭერით, სავარაუდოდ, ყველაზე წარმატებულ მიმართულებას ხელმძღვანელობენ. ამასთან ერთად, უკრაინელი ჯარისკაცები კონტროლს ინარჩუნებენ. რუსეთმა ძალების კონცენტრირებით უფრო ადგილობრივ წინსვლას მიაღწია".
ოკუპანტების მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრული ტერიტორიის ოკუპაციაა. ამ მიზნის მისაღწევად, რუსეთმა სევეროდონეცკის მიღმა ტერიტორიულ წინსვლას უნდა მიაღწიოს, მათ შორის ქალაქ კრამატორსკისა და დნეპრო-დონეცკის მთავარ გზაზე კონტროლის დამყარება.


