
"ბორჯომის" ორივე ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ
31/05/2022 06:48:54 საზოგადოება
ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. მათ შორის არიან ისინიც, რომელთაც ახალ შრომით ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
"დილის ექვსი საათიდან სრულმასშტაბიანი გაფიცვა განხორციელდა როგორც პირველ, ასევე მეორე ქარხანაში. ორივე ქარხანა პარალიზებულია და არ ფუნქციონირებს", - ამბობენ პროფკავშირებში.
800-მდე დასაქმებული ახლა მენეჯმენტისგან კონკრეტულ მოთხოვნებზე ელოდება პასუხს: ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, მუშაობის ძველი ხელშეკრულებით გაგრძელებას, სახელფასო დავალიანების დაფარვას, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
გაფიცულებმა კარვები გაშალეს და გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადებიან.
ომისა და სანქციების გამო ბორჯომმა მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა. IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია.
ქარხნებში 1000 ადამიანია დასაქმებული. წარმოების შეჩერების შემდეგ კომპანიამ მათ ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ, ასევე, ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ.
კომპანია ბორჯომმა 49 თანამშრომელი, რომლებმაც ახალ პირობებს ხელი არ მოაწერეს, სამსახურიდან გაათავისუფლა.