ზელენსკი – ევროკავშირს: "რატომღაც თქვენ ხართ დამოკიდებული რუსეთის ზეწოლაზე, არადა პირიქით უნდა იყოს"
30/05/2022 19:32:51 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, გვერდზე გადადოს შიდა უთანხმოებები და დაამტკიცოს ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული სანქციების მეექვსე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც, მათ შორის რუსული ნავთობის აკრძალვას ითვალისწინებს.
უკრაინის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კიევისთვის გაწეული დახმარების გამო, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ რუსული ნავთობის აკრძალვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"დროა, იყოთ არა ცალ-ცალკე, არამედ – ერთად. უკრაინამ უკვე აჩვენა, რატომ უნდა იდგეს ყველა ერთად. მეტი ერთიანობა არის წარმატების საფუძველი. ყველა კამათი ახალ სასანქციო პაკეტზე ევროკავშირში უნდა შეწყდეს, რადგან ეს სტიმულს აძლევს რუსეთს გააგრძელოს აგრესია. სამწუხაროდ, რატომღაც სანქციების მეექვსე პაკეტი კვლავ არ დამტკიცდა. რატომღაც თქვენ ხართ დამოკიდებული რუსეთის ზეწოლაზე, არადა პირიქით უნდა იყოს – რუსეთი თქვენზე უნდა იყოს დამოკიდებული თქვენს ზეწოლაზე. რატომ შეუძლია კვლავ რუსეთს დღეში 1 მილიარდი დოლარის შოვნა ნავთობის გაყიდვით? უნდა იყოს შემორებული ნავთობის ემბარგო, რათა რუსეთმა გაიგოს მისი ქმედებების ფასი“, - მიმართა ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს.
ცნობისთვის: ევროკავშირი ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს შეთანხმებას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეხება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი აცხადებს, რომ ეს მისი "ქვეყნის ეკონომიკისთვის ატომური ბომბის სროლას ნიშნავს".
ევროკავშირის წინადადებაა, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ რუსულ ნავთობზე უარი თქვას 2022 წლის ბოლომდე, ხოლო რუსეთიდან იმპორტზე სხვებზე მეტად დამოკიდებულმა უნგრეთმა და სლოვაკეთმა 2024 წლის ბოლომდე და ჩეხეთმა 2024 წლის შუა პერიოდიდან.
უნგრეთის მთავრობა აცხადებს, რომ 2.5 წელი არასაკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანამ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება შეამციროს.
სრული ემბარგოსთვის საჭიროა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა.


