დონეცკში, ბახმუტის რაიონში დაბომბვის შედეგად ამიაკმა გაჟონა
30/05/2022 17:05:21 მსოფლიო
დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში დაბომბვის შედეგად ამიაკმა გაჟონა. ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ავრცელებს.
"ბახმუტის რაიონში საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის კვანძები. ეს კვანძები 2014 წლიდან არ გამოიყენებოდა და სარქველები დაკეტილია, მაგრამ ახლა იქიდან ამიაკი თავისით მოედინება. ამიაკის ღრუბელი მოძრაობს ნიადაგის ზემოთ სოფელ მაისკოედან ბახმუტისკენ“, - განაცხადა კირილენკომ.
მისი თქმით, ადგლობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა უსაფრთხოების ზომების მიღების შესახებ უკვე გააფრთხილა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


