
სტუდენტებმა სწავლების ჰიბრიდულ და გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარების მოთხოვნით აქცია განაახლეს
30/05/2022 13:11:06 საზოგადოება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სწავლების ჰიბრიდულ და გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარების მოთხოვნით აქცია განაახლეს. დღეს თსუ-ში სტუდენტების კიდევ ერთი აქცია იმართება.
დღეს სტუდენტები რექტორის გიორგი შერვაშიძის კაბინეტთან მივიდნენ. სტუდენტები რექტორთან შეხვედრას ითხოვენ, რაც ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.
"აქედან არ წავალთ მანამ, სანამ რექტორი არ შეგვხვდება და ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - ამბობს სტუდენტი ილია ჭანტურია.
იმავე მოთხოვნით სტუდენტები 11 მაისსაც შეიკრიბნენ. იმ დღეს, რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, სწავლება თსუ-ში შერეული ფორმატით გრძელდება - ეს არ ეხება საგამოცდო პერიოდს.
ფინალური გამოცდები თსუ-ში 18 ივნისიდან იწყება.
დღეს თსუ-ის 7 ფაკულტეტზე 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. სტუდენტები ამბობენ, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სწავლისთვის შესაფერისი პირობები არა აქვთ, საერთო საცხოვრებლების არარსებობაა. უფრო სწორად, თბილისში ორი საერთო საცხოვრებელია: ბაგებში და ლისზე, მაგრამ, სტუდენტების თანახმად, ბაგებში ცხოვრების პირობები, უბრალოდ, არაადამიანურია, ლისი კი ამდენი სტუდენტის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
2019 წელს უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, კიდევ ერთი საერთო საცხოვრებელი აეშენებინა, მაგრამ მაშინ პროექტი ჩაიშალა.