შს მინისტრის მრჩეველი - უკრაინელი ლტოლვილების 60% უკვე დაბრუნდა სამშობლოში
30/05/2022 12:55:44 მსოფლიო
30 მაისის მონაცემებით, უკრაინელი ლტოლვილების 60% უკვე დაბრუნდა სამშობლოში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ვიქტორ ანდრიუსოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანდრიუსოვის თქმით, ომის დაწყების დღიდან, 7.6 მლნ უკრაინელს მოუწია ქვეყნის დატოვება და ევროპის ქვეყნებისთვის თავის შეფარება. მისი ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნებულთა რაოდენობა უკვე 4.8 მილიონია.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


