მედია – ევროკავშირის ელჩები რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ
30/05/2022 12:23:48 მსოფლიო
ევროკავშირში კვლავ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსული ნავთობის იმპორტზე სანქციების შესახებ, – იუწყება დასავლური მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკეთი და ჩეხეთი ითხოვენ ეტაპობრივი შემცირებისთვის პერიოდის გახანგრძლივებას, უნგრეთი ფართოდ განიხილება, როგორც მთავარი დაბრკოლება შეთანხმების მიღწევაში.
ცნობისთვის: ევროკავშირი ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს შეთანხმებას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეხება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი აცხადებს, რომ ეს მისი "ქვეყნის ეკონომიკისთვის ატომური ბომბის სროლას ნიშნავს".
ევროკავშირის წინადადებაა, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ რუსულ ნავთობზე უარი თქვას 2022 წლის ბოლომდე, ხოლო რუსეთიდან იმპორტზე სხვებზე მეტად დამოკიდებულმა უნგრეთმა და სლოვაკეთმა 2024 წლის ბოლომდე და ჩეხეთმა 2024 წლის შუა პერიოდიდან.
უნგრეთის მთავრობა აცხადებს, რომ 2.5 წელი არასაკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანამ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება შეამციროს.
სრული ემბარგოსთვის საჭიროა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა.


