"ნატო–ს "ღია კარის" პოლიტიკამ და ევროკავშირის გაფართოების პროგრამამ დახმარება გაუწია თავისუფლების, დემოკრატიის გავრცელებას ევროპაში"
30/05/2022 11:24:16 მსოფლიო
ნატო-ს "ღია კარის" პოლიტიკამ და ევროკავშირის გაფართოების პროგრამამ დახმარება გაუწია თავისუფლების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის გავრცელებას ევროპაში", – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდში, ნატო-ში ესპანეთის გაწევრიანების 40 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით მადრიდში დაგეგმილი სამიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:
„მომავალ თვეს მადრიდი უმასპინძლებს კიდევ ერთ ისტორიულ სამიტს. ამ შემთხევვაში კონტექსტი ძალიან განსხვავებულია. რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინასთან. ავტორიტარული რეჟიმები საფრთხეს უქმნიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს".
მან საფრთხეებზე საუბრისას რუსეთის შემდეგ ჩინეთი ახსენა:
"ჩინეთის პოლიტიკა გამომწვევია ჩვენი უსაფრთხოების, ღირებულებებისთვის. ჩინეთი შეუერთდა რუსეთს, რათა ღიად დაუპირისპირდეს თითოეული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი გზა".


