ბრიტანელი ექსპერტი განმარტავს, რა გზით შეძლებს უკრაინა რუსული არტილერიის შეკავებას
30/05/2022 09:05:55 მსოფლიო
ბრიტანელი ექსპერტი სამხედრო საკითხებში მაიკლ კლარკი მიიჩნევს, რომ უკრაინას ყველაზე მეტად შორის დამიზნების იარაღი სჭირდება.
მისი თქმით, კიევს უნდა ჰქონდეს დასავლური "ჰაუბიცები", რომელთა დიაპაზონი რუსული არტილერიის დიაპაზონზე უფრო შორი იქნება.
„რუსები უმეტესად ეყრდნობიან არტილერიას, ვიდრე – ჯარებსა და ტანკებს, ასე რომ, თუ უკრაინა მათ წინააღმდეგობას გაუწევს, კიევი შეძლებს, რუსული არტილერიის შეკავებას“, - აცხადებს კლ. არკი
მისი თქმით, კიევს განსაკუთრებით ესაჭიროება ამერიკული და გერმანული "ჰაუბიცები".
”ძირითადად, უკრაინელებს სჭირდებათ უფრო შორი დამიზნების იარაღი, რომლის მიწოდებისგან დასავლეთი ჯერ–ჯერობით თავს იკავებს",– დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ მედიის ცნობით, აშშ-ის მთავრობა ახლოსაა გადაწყვეტილებასთან, უკრაინას მრავალრაკეტიანი სისტემა MLRS მიაწოდოს.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


