ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთმა ომში ახალგაზრდა თაობის პროფესიონალი ოფიცრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა"
30/05/2022 07:02:31 მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვის სამსახურის ცნობით, "რუსეთს ყველაზე დიდი დანაკარგი უმცროსი რანგის ოფიცრების რიგებში აქვს".
მისი ცნობით, უმცროსი რანგის ოფიცრებს უწევდათ ყველაზე დაბალი დონის ტაქტიკური მოქმედებების წარმართვა.
"ახალგაზრდა თაობის პროფესიონალი ოფიცრების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა სავარაუდოდ, გაამწვავებს მიმდინარე პრობლემებს ბრძანებისა და კონტროლის აღსრულებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც ხელახლა იქმნება უკრაინაში რამდენიმე ქვედანაყოფის გადარჩენილი ქვედანაყოფებისგან, სავარაუდოდ, ნაკლებად ეფექტური იქნება უმცროსი ოფიცრების დეფიციტის გამო", – აცხადებს ბრიტანული დაზვერვის სამსახური.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


