გაიდაი: "მტერი ამჟამად სევეროდონეცკის გარეუბანშია, რუსი ჯარისკაცების გვამების სუნი რეგიონის ცენტრშიც იგრძნობა"
30/05/2022 06:40:10 მსოფლიო
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერჰი გაიდაი აცხადებს, რომ ამჟამად რუსული ძალები ცდილობენ, ალყაში მოაქციონ ქალაქები სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი.
"მტერი ამჟამად სევეროდონეცკის გარეუბანშია. რუსი ჯარისკაცების ცხედრები არ გააქვთ, გვამების სუნი რეგიონის ცენტრშიც იგრძნობა. ბოლო 24 საათში მტრის შეტევას 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 5 კი დაიჭრა.
დღე–ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა მტრის 14 შეტევა მოიგერიეს, განადგურებულია მტრის ორი საარტილერიო სისტემა, 11 ერთეული საბრძოლო ჯავშანტექნიკა და 10 მანქანა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს ორი ფრთოსანი რაკეტა და სამი "Cube"–ს ტიპის "Bpla".
ბოლო 24 საათში მტერმა სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში 50–მდე სახლი გაანადგურა", – აცხადებს გაიდაი.
მისი თქმით, ბრძოლები გრძელდება და მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


