რუსეთის არმიაში 65 წლამდე ასაკის ადამიანებს მიიღებენ
29/05/2022 08:36:32 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა, კანონს, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის საკონტრაქტო სამსახურისთვის შესაბამის ასაკობრივ ზღვარს. შესაბამისი კანონი სათათბირომ და ფედერაციის საბჭომ დაჩქარებული წესით დაამტკიცა.
თუ ადრე პირველი კონტრაქტის გაფორმება რუსეთის მოქალაქეებისთვის 40 წლამდე, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 30 წლამდე იყო შესაძლებელი, ახალი კანონით, ამის გაკეთება შესაძლებელი ხდება საპენსიო ასაკამდე: ქალებისთვის - 60 წლამდე, ხოლო კაცებისთვის - 65 წლამდე.
როგორც საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები, რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტში, აღნიშნავენ "მაღალი სიზუსტის შეიარაღებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის გამოყენებას ესაჭიროება კარგი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, ხოლო ამას ისინი 40-45 წლის ასაკში აღწევენ“.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხსენებული ცვლილებები პირდაპირ უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე ომში მეტი ადამიანის ჩართვის მიზანს. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში გასაგზავნი მებრძოლების მობილიზაციას ფარულად ახდენს, ხოლო თავად რუსეთის მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული ენთუზიაზმი არ ვლინდება.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


