კიევი – ყირიმში, საავადმყოფოებში მშვიდობიანი მოქალაქეების მიღება შეწყვიტეს, დაჭრილი რუსი ჯარისკაცებისთვის საწოლების გამოსათავისუფლებლად
29/05/2022 08:26:07 მსოფლიო
რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციამ ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოებს უბრძანა, შეწყვიტონ მშვიდობიანი მოქალაქეების მიღება, რათა დაჭრილი რუსი ჯარისკაცებისთვის საწოლების გათავისუფლება მოხდეს, – იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
მისი ცნობით, ყირიმში დონორთა სისხლის შეგროვება ინტენსიურად მიმდინარეობს.
გარდა ამისა, გენშტაბის განცხადებით, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს გაიზარდა ბელარუსის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმებისთვის საჭირო ღონისძიებების რაოდენობა, "ბელარუსის მხრიდან უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო და ავიადარტყმების საფრთხე კვლავ ნარჩუნდება".
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


