გერმანული მედია – ბოლო 9 კვირის განმავლობაში ბერლინმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მინიმუმამდე დაიყვანა
29/05/2022 08:02:43 მსოფლიო
ბოლო 9 კვირის განმავლობაში გერმანიამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მინიმუმამდე დაიყვანა, – იუწყება Welt am Sonntag.
გერმანული გამოცემის ცნობით, კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა კიევისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე. ამის მიზეზად კანცლერმა ნატო-ს მოკავშირეებთან შეთანხმება დაასახელა. "თუმცა, მარტის ბოლოდან გერმანიას უკრაინისთვის თითქმის არ მიუწოდებია ხსენების ღირსი მსუბუქი შეიარაღებაც კი", – იუწყება Welt am Sonntag.
"30 მარტიდან 26 მაისის ჩათვლით პერიოდში უკრაინას გერმანიის ხელისუფლებისგან იარაღის მხოლოდ ორი პარტია მიეწოდა. ორივე მათგანი მოიცავდა მხოლოდ მცირე მოწყობილობებს. კერძოდ, ერთი პარტია მოიცავდა მხოლოდ ნაწილებს ტყვიამფრქვევებისთვის, აალების საშუალებებს, დეტონაციის თოკებს, რადიომიმღებებს, ხელყუმბარებსა და ნაღმებს. მეორე პარტიით, უკრაინას მიეწოდა 3 ათასი ერთეული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და 1 600 ერთეული სპეციალიზირებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი", – წერს გამოცემა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


