"პუტინი უკრაინელი ხალხის იდენტობის განადგურებას ცდილობს"
28/05/2022 08:02:21 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინელი ხალხის იდენტობის განადგურებას ცდილობს. ამის შესახებ ბაიდენმა მერილენდის შტატში აშშ-ის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულებისადმი სიტყვით მიმართვისას ისაუბრა.
"ის არა მხოლოდ ცდილობს, დაიპყროს უკრაინა, არამედ ფაქტობრივად, ცდილობს, მოსპოს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა. ის თავს ესხმის სკოლებს, ბაგა-ბაღებს, საავადმყოფოებს, მუზეუმებს, რასაც არავითარი სხვა მიზანი არ აქვს გარდა კულტურის აღმოფხვრისა. ეს არის პირდაპირი თავდასხმა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე", - განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


