Accentnews.ge
ეკონომიკის მინისტრმა "ბორჯომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა

ეკონომიკის მინისტრმა "ბორჯომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა

27/05/2022 17:07:36 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ბორჯომის“ წილს სახელმწიფო საკუთრებაში დროებით არ იღებს და სანქცირებული პირებისგან ათავისუფლებს იმისთვის, რომ კითხვები აღარ იყოს და კომპანიამ სრულფასოვანი ფუნქციონირება შეძლოს.

ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„ბევრი ინფორმაციის გაცემა არ შეიძლებოდა, რადგან კონკრეტულ მოლაპარაკებებში ვიყავით კომპანიასთან. აქ არ არის საუბარი არანაირი სანქციების გვერდის ავლაზე. ამაზე ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორს. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ საკუთრებაში აიღოს „ბორჯომის“ აქციების ნაწილი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კომპანია აღარ იყოს სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ. თუმცა, აქ არის ძალიან ბევრი იურიდიული ნიუანსი, რომლის გავლაც ხდებოდა სხვადასხვა მარეგულირებელთან, რომლებმაც ეს სანქციები შემოიღეს. ეს შეეხება ევროპელ და ბრიტანელ მარეგულირებლებს ეროვნულ ბანკთან ერთად. რა თქმა უნდა, ამას ძალიან ბევრი იურიდიული პროცესის შესწავლა დასჭირდა და პროცესი არ დაგვისრულებია. უახლოეს პერიოდში მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ინფორმაციას საზოგადოებას გავუზიარებთ. თუმცა, კონკრეტული არის ის, რომ ჩვენ საკუთრებაში ავიღებთ „ბორჯომის“ აქციების ნაწილს სანქცირებული პირებისგან იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომში“ კითხვა აღარ იყოს და კომპანიამ შეძლოს სრულფასოვანი ფუნქციონირება და ეს არ არის დროებითი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

საჩუქრად წილის გადაცემის თაობაზე ინფორმაცია თავად კომპანიამ 19 მაისს გაავრცელა.

„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.

ქარხნიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში იმყოფება. კომპანიამ შექმნილი კრიზისის არგუმენტით მათ ხელშეკრულებების შეცვლილი პირობები შესთავაზა, რაზე ხელმოწერასაც თანამშრომლების დიდი ნაწილი მხოლოდ იმ პირობით აპირებდა, თუ გარანტიებს მიიღებდნენ, რომ კომპანიის საქმიანობის აღდგენის შემდეგ ძველ შეხშეკრულებებს დაუბრუნდებოდნენ.

29 აპრილს პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა და წარსულში ბორჯომის ჩამომსხმელი საწარმოს ერთ-ერთმა მფლობელმა მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებას მიმართა წინადადებით, რომ სახელმწიფომ გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან" „ბორჯომის“ კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე. მისი თქმით, „მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და, ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა“.

„ბორჯომს“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 1995-2002 წლებში ეს იყო მამუკა ხაზარაძის "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია". "ბორჯომის" შემდგომი მფლობელი, 2002 -2012 წლებში, იყო ბიზნესმენების, ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის კომპანია „სელფორდი". ამჟამად კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 60% -იან წილს ფლობს მიხაილ ფრიდმანის "ალფა ჯგუფი", 40%-ს კი - პატარკაციშვილების ოჯახი.

"IDS ბორჯომი საქართველოს" დირექტორი ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანია. ის კომპანიის დირექტორის პოსტზე 2021 წლის ივნისიდან მუშაობს. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 1500 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S