
ჯონსონი ზელენსკის ევროკავშირის ალტერნატივის შექმნას სთავაზობს - მედია
27/05/2022 11:16:36 ევროპა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შესთავაზა შექმნას ახალი საერთაშორისო ალიანსი, რომელიც დაუპირისპირდება რუსეთს და გახდება ევროკავშირის ალტერნატივა,– იუწყება უკრაინული მედია იტალიურ გამოცემა Corriere Della Sera–ზე .
„ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი გვთავაზობს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ალიანსების ახალ სისტემას (ევროკავშირის ალტერნატივას), რომელიც გააერთიანებს ბრიუსელისადმი უნდობლობით განწყობილ ქვეყნებს და ასევე გერმანიის პასუხს რუსეთის სამხედრო აგრესიაზე“,– ამბობს გამოცემის წყარო.
გასულ დღეებში დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დამსწრე წყაროების ცნობით, ბორის ჯონსონი ინიციატივაზე თვეზე მეტია, მუშაობს და ამ თემაზე პირველად უკრაინის პრეზიდენტს 9 აპრილს ესაუბრა კიევში ვიზიტისას.
გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ევროპული თანამეგობრობის მოდელი, რომლის შექმნასაც ბორის ჯონსონი ცდილობს, ლიდერად განსაზღვრავს დიდ ბრიტანეთს, ხოლო წევრებად მოიაზრებს უკრაინის გარდა, პოლონეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას და შესაძლოა, თურქეთსაც, თუმცა მოგვიანებით ეტაპზე.
წყაროების თანახმად, ჯონსონი გვთავაზობს სახელმწიფოთა ალიანსს, რომლებიც შიშობენ თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტის გამო და გადაწყვტილი აქვთ, წინ აღუდგნენ მოსკოვის სამხედრო საფრთხეს.
გამოცემის ცნობით, კიევის მთავრობას პოზიცია ჯერ ოფიციალურად არ დაუფიქსირებია. ვარაუდობენ, რომ ზელენსკი ელოდება 23 ივნისს, ევროპის სამიტს და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწვეტილებას უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.