ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთის მიერ 50 წლის წინ გამოშვებული ტანკების გამოყენება აღჭურვილობის ნაკლებობაზე მიუთითებს"
27/05/2022 06:37:38 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთის მიერ ძველი ტანკების გამოყენება აღჭურვილობის ნაკლებობაზე მიუთითებს.
მისი ცნობით, "რუსეთი 50 წლის წინ გამოშვებული T-62 ტიპის ტანკების მობილიზებას ახორციელებს, რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფის გასაძლიერებლად".
"სადღეისოდ მიიჩნევა, რომ ეს ტანკები განსაკუთრებით დაუცველია ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიმართ, რაც თავის მხრივ, მიუთითებს თანამედროვე საბრძოლო მზადყოფნის ტექნიკის ნაკლებობაზე", – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.
მისივე ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობას.
"მათ ცოტა ხნის წინ დაიპყრეს პოპასნას ჩრდილო-აღმოსავლეთით რამდენიმე სოფელი. თუმცა უკრაინის წინააღმდეგობის გამო რუსეთს დონბასზე სრული კონტროლი არ აქვს", – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


