
ფინეთი უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების გატარებაში დაეხმარება
27/05/2022 06:30:52 ევროპა
ფინეთი უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების გატარებაში დაეხმარება. მხარეებმა ამის შესახებ გადაწყვეტილება ორივე ქვეყნის პრემიერ–მინისტრების სანა მარინისა და დენის შმიგალის პირისპირ შეხვედრის დროს მიიღეს,– იუწყება უკრაინის მთავრობა.
სანა მარინის თქმით, უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი უკვე არის.
მისივე განცხადებით, ფინეთი ევროკავშირთან ერთად, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების ყველა ეტაპზე დაუჭერს მხარს.
შეხვედრაზე მხარეები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ ფინეთი უკრაინას ომში განადგურებული ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენაშიც დაეხმარება. ამისთვის ფინეთი უახლესი ტექნოლოგიებსაც გამოიყენებს.
"ველოდებით, რომ კონკრეტულ პროექტებს უახლოეს მომავალში განვახორციელებთ იმისთვის, რომ სამუშაოების დაწყება რაც შეიძლება მალე გახდეს შესაძლებელი". - თქვა უკრაინის პრემიერმინისტრმა.
ფინეთის პრემიერმინისტრი სანა მარინი 26 მაისს უკრაინაში ჩავიდა. მან ირპენი და ბუჩა მოინახულა და პრეზიდენტ ზელენსკისთანაც გამართა შეხვედრა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ივნისში ელოდება.