ლავროვი დასავლეთს აფრთხილებს, უკრაინას შეიარაღება არ მისცენ
27/05/2022 06:15:00 მსოფლიო
თუ დასავლეთი უკრაინას მისცემს შეიარაღებას, რომელსაც ითხოვს, ეს იქნება ნაბიჯი დაუშვებელი ესკალაციისკენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა ტელეარხ RT Arabic-თან ინტერვიუში.
ლავროვის თქმით, დასავლეთის მოწოდება რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებაა, ამისთვის კი, „საჭიროა ომის გაგრძელება, შეიარაღებით უკრაინელი ნაციონალისტების, უკრაინული რეჟიმის გაბერვა, მათ შორის, შეიარაღებით, რომელიც შესაძლოა, რუსეთის ფედერაციას მიწვდეს“. ლავროვის განცხადებით, სწორედ ასეთ შეიარაღებას საჯაროდ ითხოვს ზელენსკი.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, „დასავლეთი სერიოზულად გააფრთხილეს, რომ უკვე არსებითად აწარმოებს პროქსი-ომს რუსეთის ფედერაციასთან უკრაინელი ნაციონალისტების ხელით“, მაგრამ, მსგავსი შეიარაღების გადაცემა იქნება „უსერიოზულესი ნაბიჯი დაუშვებელი ესკალაციისკენ“. ლავროვის თქმით, „იმედია, ეს ესმით დასავლეთში ცოტათი დარჩენილ საღ აზრზე მყოფებს“.
რუსული არმია ამჟამად ინტენსიურად უტევს უკრაინის დონბასის მხარეს. რთული სიტუაციის გამო, უკრაინის ხელისუფლება პარტნიორი სახელმწიფოების, უპირველესად, აშშ-ისგან კიდევ უფრო აქტიურად ითხოვს მძიმე შეიარაღებას, მათ შორის, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს.
აშშ, დიდი ბრიტანეთი და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევენ, თუმცა, შეიარაღების ჩამონათვალში ჯერჯერობით არ არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. ტელეკომპანია CNN ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების სარაკეტო სისტემების გადასაცემად.


