პენტაგონის წარმომადგენელი: "უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ჯარებმა დაახლოებით 1000 ტანკი დაკარგეს"
26/05/2022 18:36:16 მსოფლიო
პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ჯარებმა დაახლოებით 1000 ტანკი, დაახლოებით 350 ერთეული მძიმე არტილერია, 30–მე ავიაგამანადგურებელი და 50 ვერტმფრენი დაკარგეს.
მისი თქმით, ამ დანაკარგის მიუხედავად, რუსებს ჯერ კიდევ აქვთ საკმაო შესაძლებლობები.
”რუსებს აქვთ უპირატესობა იმ აქტივების რაოდენობით, რომლებიც მათ შეუძლიათ, გამოიყენონ ამ ბრძოლაში ხალხის, აღჭურვილობისა და იარაღის თვალსაზრისით და ჩვენ უბრალოდ უნდა გვახსოვდეს ეს”, - დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


