სასამართლომ მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა
26/05/2022 15:45:21 მსოფლიო
სასამართლომ მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონს 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება ჩეკანის სასამართლომ დღეს მიიღო. მოსამართლეებმა გადაწყვიტეს ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინათ პროკურატურის მოთხოვნა, რომ დოდონი 30 დღით დაეპატიმრებინათ.
24 მაისს დოდონის სახლი, რომელიც კიშინოვში მდებარეობს, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს. ჩხრეკა დაახლოებით 12 საათს გაგრძელდა. ექს–პრეზიდენტი დააკავეს და იზოლაციაში მოათავსეს. მასთან ერთად დააკავეს მისი ნათესავი პეტრუ მერინიანიც. პროკურატურაში განაცხადეს, რომ ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრისა და ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.
25 მაისს პროკურატურამ დოდონს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. მას კორუფციას, უკანონო გამდიდრებას, ღალატს და კრიმინალური ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას ედავებიან.


