უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: "ბრძოლებმა დონბასში მაქსიმალურ ინტენსივობას მიაღწია"
26/05/2022 15:29:36 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ ბრძოლებმა დონბასში მაქსიმალურ ინტენსივობას მიაღწია.
მისი თქმით, რუსული მხარე, უკრაინის პოზიციებზე ერთდროულად რამდენიმე რაიონში შეიჭრა.
"მტერი ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს, ავიაციასა და არტილერიას იყენებს. მტერმა გამოიყენა ყველა რესურსი, რათა დაეპყრო ჩვენი ტერიტორია და ჩვენი ძალები ალყაში მოექცია. მტერი ჩვენს პოზიციებს სხვადასხვა წერტილში ერთდროულად უტევს. ჩვენ ბრძოლის ძალიან რთული და ხანგრძლივი ეტაპის წინაშე ვართ", - განაცხადა ანა მალიარმა.
მანამდე, დონბასის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის აღების მიზნით, 40-ზე მეტ დასახლებასა და სტრატეგიულ ქალაქებს თავს დაესხნენ.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


