
მინისტრთა კაბინეტის წევრები ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას აფასებენ
27/09/2019 06:22:48 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ნიუ–იორკში, გაერო–ში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები გაიმართა. ეს ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების პირველი კონტაქტი იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ. თავად შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა, თუმცა დეტალების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ მან დეოკუპაციაზე ისაუბრა.
შეხვედრას საქართვლოს მინისტრთა კაბინეტის წევრები ერთხმად აფასებენ მნიშვნელოვნად.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრა "ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას".
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო კანონმდებლობა და მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორებთან.
„ცხადია, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო წესები, საერთაშორისო კანონმდებლობა და რა თქმა უნდა, მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. ამ სულისკვეთებით შედგა ეს შეხვედრა. სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს, აი ამ გადმოსახედიდან, სწორედ 27 სექტემბერს უნდა გვესმოდეს, რომ ცივი, პრაგმატული პოლიტიკა და ერთადერთი პირობა, რომ ომი არ არის გამოსავალი, არის ის პლატფორმა, საიდანაც უნდა ველაპარაკოთ ყველას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის ჩავყაროთ საფუძველი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეხვედრას მნიშვნელოვნად აფასებს ვიცე–პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და იმედს გამოთქვამს, რომ "ეს და სხვა ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს საოკუპაციო ხაზთან დაძაბულობის დეესკალაციას".
„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრის ინიციატორები, ასევე მედიატორები იყვნენ ჩვენი შვეიცარიელი კოლეგები, ასევე ჩვენი ევროპელი და სტრატეგიული პარტნიორების რჩევებიც ყოველთვის ამ მიმართულებით იყო, რომ ეს ნაბიჯი გადადგმულიყო. დიდი იმედი მაქვს, ეს და სხვა ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს საოკუპაციო ხაზთან დაძაბულობის დეესკალაციას, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი ამ ქვეყანაში არის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება დეოკუპაციის მიზნებისთვის და ასევე მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენ უბრალოდ სხვა არც მიზანი გვაქვს და არც გამოსავალი იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამთლიანების პროცესი“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ვინც ვერ ხედავს, რომ საოკუპაციო ხაზთან არის ყოველდღიური დაძაბულობა, ძალიან ცდება.
„თუ ვინმე ვერ ხედავს, რომ საოკუპაციო ხაზთან არის ყოველდღიური დაძაბულობა მაღალი ხარისხის, თუ ვინმე იმას ვერ ხედავს, რომ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს არის ოჯახებში უმძიმესი მდგომარეობა და, რომ საოკუპაციო ხაზი გადის ჩვენი ეროვნული უშიშროებისა და ტერიტორიული მთლიანობის და სამომავლო დეოკუპაციის მიზნებზე, ვინც ამას ვერ ხედავს ვფიქრობ, ძალიან ცდება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ბოლო წლების უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეხვედრას სწორ ნაბიჯს უწოდებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
„ჩვენ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანად, ომის გარეშე. საუბარი იმ ფორმატებში გაერო-ში მიღებული პრაქტიკაა. ჟენევაში ამასვე ვაკეთებთ, რომ პრობლემები მოგვარდეს. ჩვენ ვიცით, რა საკითხებზე ვსაუბრობთ და რისთვის ვსაუბრობთ. ეს საკითხები იყო ზუსტად განხილული საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ძალიან ცხელი ზაფხული გვქონდა. ჩვენ გულხელდაკრეფილი ვერ და არ ვიქნებით. გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც ცოტათი მაინც დაგვაახლოვებს იმ ჰუმანიტარული პრობლემებისა და კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრასთან“,- განაცხადა ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე.
„ვგულისხმობ მიმდინარე ოკუპაციას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, იმ მოქმედებებს, რომელსაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან დიდი რისკები აქვს და ქმნის ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას. ბუნებრივია, მოლოდინი, რომ ერთი შეხვედრით შეიძლება მოვაგვაროთ პრობლემები, არარეალისტურია, მაგრამ ვფიქრობ, კარგი იყო ამ შესაძლებლობის გამოყენება, რაც ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც შესაბამისად იქნა აღქმული“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მას "არ მიაჩნია სწორად" აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების საფლავთან "სხვა თემაზე" გააკეთოს კომენტარი.
"სხვა თემაზე გარდა ჩვენი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ამ მისამძიმრების და კიდევ ერთხელ გმირებისადმი ჩვენი პატივისცემის გამოხატვის გარდა, ამ ადგილას არ მიმაჩნია, რომ სხვა თემაზე კომენტარი უნდა გავაკეთო დღეს. სხვა დროს აუცილებლად გიპასუხებთ ამ თემასთან დაკავშირებით," - თქვა ცქიტიშვილმა გმირთა მემორიალთან, სადაც მთავრობის წევრებმა აფხაზეთის ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა.