"გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და აშშ-მა ერთობლივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომელიც უკრაინას ომის დანაშაულების დოკუმენტირებაში დაეხმარება"
26/05/2022 06:06:14 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და აშშ-მა ერთობლივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომელიც უკრაინის გენერალურ პროკურორს უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებისა და სხვა დანაშაულებების დოკუმენტირებაში დაეხმარება.
ამასთან, მისი თქმით, ერთობლივი ჯგუფი უზრუნველყოფს დაფინანსებას საერთაშორისო პროკურორებისა და ექსპერტებისთვის, რომლებიც უკრაინაში მუშაობენ.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


