"რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთმა, ვიღაც მაინც ამბობს, გავითვალისწინოთ მისი ინტერესებიო"
26/05/2022 05:58:47 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რუსეთის სისასტიკის მიუხედავად, მსოფლიოში ჯერ კიდევ ჟღერდება ის აზრი, რომ ოკუპანტის ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს.
"რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთის სახელმწიფომ, არის ვიღაც, ვინც ამბობს: "გავითვალისწინოთ მისი ინტერესები". ეს ხდება მიუხედავად ათასობით რუსული რაკეტისა, რომელიც უკრაინას დაეცა, მიუხედავად ათობით ათასი მოკლული უკრაინელისა, მიუხედავად ბუჩასა და მარიუპოლისა, მიუხედავად განადგურებული ქალაქებისა და მიუხედავად რუსული სახელმწიფოს მიერ აგებული ე.წ ფილტრაციის ბანაკებისა, სადაც კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ და ამცირებენ ისე, როგორც კონვეერში. რუსეთმა ეს ყველაფერი ჩაიდინა ევროპაში. თუმცა დავოსში, მაგალითად ბატონი კისინჯერი გამოდის და ამბობს, რომ საჭიროა, რუსეთს უკრაინის ნაწილი გადავცეთ, რათა არ მოხდეს რუსეთის გაუცხოება ევროპისგან", - თქვა ზელენსკიმ.
კისინჯერის თქმით, უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიების ნაწილი, რათა მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთთან.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


