
ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა სერიოზულ დანაშაულად შეფასდეს
25/05/2022 19:46:26 ევროპა
ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დანაშაულად შეფასდეს.
ზემოხსენებული ნაბიჯი წევრი ქვეყნების მთავრობებს საშუალებას მისცემს, აქტივები ჩამოართვან იმ კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს დაარღვევენ.
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევა დანაშაულად ამჟამად მხოლოდ 12 წევრ ქვეყანაში ითვლება. 13 ქვეყანაში მსგავსი დარღვევა სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ დანაშაულად კვალიიცირდება. 2-ში კი ამ დარღვევას ადმინისტრაციულ დანაშაულად აფასებენ.
ევროკომისიის ინიციატივის მიზანია, რომ წევრი ქვეყნების მიდგომა გახდეს ერთიანი 27-ვე ქვეყანაში:
"ამ შეთავაზების ამოცანაა, უზრუნველყოფილი იყოს სანქციების დამრღვევი კერძო პირებისა და კომპანიებისთვის აქტივების ჩამორთმევის ეფექტური შესაძლებლობა".
ევროკომისიის ახალი საკონონმდებლო ინიციატივა ჯერ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მთავრობამ, შემდეგ კი ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ინიციატივა იმ პირების დაჯარიმებასაც ითვალისწინებს, რომლებიც სანქციების დარღვევას ხელს უწყობენ, მაგალითად, ბრალდებულების ადვოკატებისა და ბანკირების.
ამასთან, ევროკომისია კიდევ ერთი ინიციატივით გამოდის, რომლის შედეგადაც კრიმინალებისთვის აქტივების კონფისკაცია ზოგადად გამარტივდება. შეთავაზების მიხედვით, შესაძლებელი გახდება ბრალდებულთა ქონებისა და აქტივების სასამართლოს განჩინების გამოცემამდე დაყადაღება, შედეგად, დამნაშავეები ქონების სხვა ქვეყანაში გადატანას ვერ შეძლებენ.