
„უკრაინამ დასკვნები გამოიტანა, მინსკი-3 არ იქნება“ – პოდოლიაკი
25/05/2022 16:41:23 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტის აპარატში აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიების, მოქალაქეების ან სუვერენიტეტის მტრისთვის დათმობა შეუძლებელია. კერძოდ, „მინსკ-3“ არ იქნება“.
როგორც პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, ახლა უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ბრძოლა ყველა მიმართულებით გააგრძელოს.
„რუსეთი უზარმაზარ რესურსებს ხარჯავს იმისთვის, რომ მსოფლიოს დაუმტკიცოს მთავარი: თითქოს რუსებს აქვთ უფლება, დახოცონ უკრაინელები და ამისთვის სასჯელი არ მიიღონ. სწორედ ამიტომ წამოყოფენ ხოლმე თავს ევროპაში რუსეთის ლობისტები. ჯერ კიდევ გუშინ საინფორმაციო დღის წესრიგში მხოლოდ ნავთობზე ემბარგო და რუსული ომის დანაშაულები იყო. დღეს გარკვეული პოლიტიკური პირები გვთავაზობენ ახალ დღის წესრიგს: ცეცხლის შეწყვეტა, გაყინული კონფლიქტი და ტერიტორიების ნაწილის დათმობა მშვიდობისთვის.რას არ შემოგვთავაზებთ, რომ დაიცვათ თქვენი კომფორტული სოციალური ქსელი ცუდი ამბებისგან და განაახლოთ ბიზნესი რუსეთთან. "ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ ძველი, ომამდელი ცხოვრების წესი. დათანხმდით გარკვეულ კომპრომისებზე" - ზოგიერთ დასავლურ თვალში ეს შეგიძლიათ, წაიკითხოთ.
უკრაინა ამ დისკუსიაში მონაწილეობას არ მიიღებს. ჩვენ არ ვვაჭრობთ ჩვენი მოქალაქეებით, ტერიტორიებით ან სუვერენიტეტით. ეს არის ნათელი წითელი ხაზი. უკრაინულმა საზოგადოებამ საშინელი ფასი გადაიხადა და არავის მისცემს ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმის უფლებას - არც ერთ მთავრობას, არც ერთ ქვეყანას. ამის შესახებ ნებისმიერი მინიშნება ნებისმიერი პარტნიორისგან პრინციპულ რეაქციას მიიღებს. კონფლიქტის გაყინვაზე საუბარი არ შეიძლება!“.
მისი თქმით, ნებისმიერი „გაყინვა“ არის დროში გადადებული ომი უფრო დიდი, სისხლიანი და მომზადებული აგრესორის მხრიდან, რომელიც შეცდომებზე იმუშავებს, დააპატიმრებს გენერლებს და მათ ადგილზე დააყენებს დღევანდელი ომის გამოცდილების მქონე ბოევიკებს:
„სხვათა შორის, შეცდომებზე ჩვენც ვიმუშავეთ: უკრაინამ დასკვნები გამოიტანა მინსკის შეთანხმებებიდან და ამიტომ არ წავა მინსკ-3-ზე“, - დასძინა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა.
მისი თქმით, ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, მაგრამ მოლაპარაკება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა მხარეები მზად იქნებიან მოლაპარაკებისთვის. ამისთვის რუსეთმა უნდა დაიწყოს სიტუაციის ფხიზელი შეფასება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დათმობებზე, სახის გადარჩენის ან კონფლიქტის გაყინვის შესახებ განცხადებებმა ხელი შეუწყოს ამას.
"ზურგში იმაზე მეტი დატრყმა არ შეიძლება იყოს, ვიდრე ტერიტორიების დათმობის შესახებ წინადადება მათგან, რომელთა ღირსებულებებსა და საზღვრებს იცავენ უკრაინელები. ან იქნებ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა აღარ ღირს? უკრაინას სამი დღიდან რამდენიმე კვირამდე მისცეს. უკრაინელებმა დაიცვეს კიევი, გაათავისუფლეს სამი რეგიონი და ასრულებენ მეოთხის განთავისუფლებას. დღეს იგივე ხალხი გვთავაზობს, რუსეთს მივცეთ აღმოსავლეთი და სამხრეთი. გმადლობთ რჩევისთვის, მაგრამ, იარაღით დახმარებას ვამჯობინებთ“,–თქვა პოდოლიაკმა.