
"ჟენევის ფორმატს გაცილებით დიდი ეფექტურობით შეუძლია მუშაობა, თუ რუსეთის მხრიდან ამისთვის მზაობა იქნება"
26/09/2019 17:01:30 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ჟენევის ფორმატს გაცილებით დიდი ეფექტურობით შეუძლია მუშაობა, თუ რუსეთის მხრიდან ამისთვის მზაობა იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ "პირველ არხს" განუცხადა.
"ჟენევის ფორმატს გაცილებით დიდი ეფექტურობით შეუძლია მუშაობა, თუ რუსეთის მხრიდან ამისთვის იქნება მზაობა. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა ჩვენი დელეგაცია ნიუ იორკში რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ მიგვეღო მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით. ესეც გახლდათ ერთ-ერთი ცენტრალური თემა ჩვენი დელეგაციის.
უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ დღეს რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შემდგარი შეხვედრა გარკვეულწილად აისახება ჟენევის ფორმატის მუშაობაზე. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს რეალური შედეგები, ეს უნდა იგრძნონ ადამიანებმა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ყოველდღიურად პრობლემები გვაქვს საოკუპაციო ხაზთან“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ცნობისთვის: ნიუ–იორკში, სადაც გაეროს გენასამბლეის რიგით 74–ე სესია მიმდინარეობს, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები გაიმართა. საგულისხმოა, რომ ეს ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების პირველი კონტაქტი იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ.