რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ არმიაში კონტრაქტით სამსახურისთვის ასაკობრივი ზღვარი გააუქმა
25/05/2022 15:02:57 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ სამივე წაკითხვით მიიღო კანონი სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე კონტრაქტის დადებისას ასაკობრივი ზღვრის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ ის ფედერაციის საბჭომ მოიწონა.
კანონი გამორიცხავს შრომისუნარიანი ასაკის მოქალაქეთათვის (რუსეთში მამაკაცებისთვის ის 65 წელია) და უცხოელებისთვის ასაკობრივ ზღვარს, რომლის დროსაც მათ სამხედრო სამსახურისთვის კონტრაქტის დადების უფლება ეძლევათ. ადრე პირველი სამხედრო კონტრაქტის გაფორმება რუსეთის მოქალაქეთათვის შესაძლებელი იყო 40 წლის ასაკამდე, უცხოელთათვის კი - 30 წლის ასაკამდე.
კანონპროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ კანონი შესაძლებელს გახდის არმიაში ახალი სპეციალისტების, კერძოდ მედიკოსებისა და ინჟინრების გაწვევას.


