აშშ-მა რუსეთის საგარეო ვალების მომსახურების ლიცენზია არ გააგრძელა
25/05/2022 14:08:32 მსოფლიო
აშშ ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ გადაწყვიტა, არ გააგრძელოს ლიცენზია, რომელიც რუსეთს საგარეო ვალებთან დაკავშირებული ანგარიშსწორების განხოციელების საშუალებას აძლევს. მოქმედი ლიცენზია ძალაში 25 მაისამდე იყო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, რუსეთი, დიდი ალბათობით, დეფოლტში აღმოჩნდება.
Bloomberg-ს ცნობით, 25 მაისის შემდეგ 2022 წლის ბოლომდე რუსეთმა 2 მილიარდ დოლარამდე საგარეო სუვერენული ვალები უნდა გადაიხადოს. შემდეგი გადახდის ვადაა 23-24 ივნისი. თუკი მათი განხორციელება ვერ მოხერხდება, რუსეთში ფორმალური დეფოლტი შესაძლოა, ივლისის ბოლოსთვის დადგეს.
მოსკოვი დეფოლტის თავიდან ასაცილებლად სასამართლოში ჩივილით დაიმუქრა.
უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ მოსკოვისთვის დაწესებული სანქციები კრძალავს ოპერაციებს რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთან, ცენტრალურ ბანკსა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდთან.


