
"ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე სტრატეგიულ პარტნიორებისგან მივიღეთ ბევრი რეკომენდაცია, რომ ასეთი კომუნიკაცია შემდგარიყო"
26/09/2019 15:50:26 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღეს "ბევრი რეკომენდაცია, რომ ასეთი კომუნიკაცია შემდგარიყო".
მისი განცხადებით, ქართული მხარის პოზიცია არის ცხადი, რომ მთავარი მიზანია, მოხდეს იმ ვითარების დეესკალაცია, რომელიც არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარე
„დღეს არსებული ვითარება არის უკიდურესად მძიმე და ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი კარგად ხვდება იმას, რომ საჭირო იყო რაღაც მოქმედება. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ ბევრი რეკომენდაცია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ ასეთი კონტაქტი შემდგარიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - აშშ-სთან, ევროკავშირთან და სხვა მეგობარ ქვეყნებთან. შესაძლებლობებზე და შედეგებზე საუბარი ნაადრევი იქნება. ჩვენ უნდა დაველოდოთ კონკრეტულ განცხადებებს, რომელსაც გააკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი და შემდგომში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელი იქნება სიტუაციის დეესკალაციისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში ვმოქმედებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად,“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პრემიერის მრჩევლის განცხადებით, ნიუ-იორკში შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი გააკეთებს კომენტარს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ კომუნიკაცია შედგა და ეს კომუნიკაცია შედგა საერთაშორისო თანამეგობრობის ფასილიტაციით. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ. ამგვარი კონტაქტის აუცილებლობა გამოწვეული იყო იმ დაძაბული ვითარებით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესს წარმოადგენს ის, რომ ჟენევის ფორმატში ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ. ჩვენი ყველა პარტნიორი ცხადად ხედავს, რომ ჟენევის ფორმატი არის პრაქტიკულად შეჩერებული და არანაირი გადაწყვეტილებები არ მიიღება. სწორედ ამის ხელახალი გაძლიერებისთვის გვჭირდებოდა ასეთი კომუნიკაცია. სწორედ ეს იყო მთავარი არგუმენტი, რომელიც ჩვენს პარტნიორებს გააჩნდათ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ცნობისთვის: ნიუ–იორკში, სადაც გაეროს გენასამბლეის რიგით 74–ე სესია მიმდინარეობს, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის მოლაპარაკებები გაიმართა. საგულისხმოა, რომ ეს ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების პირველი კონტაქტი იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ.