The Guardian - "პროკოპენკო ცოლს დაუკავშირდა და უთხრა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები დამაკმაყოფილებელ პირობებში არიან"
25/05/2022 10:04:09 მსოფლიო
ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი "აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო მეუღლეს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ამჟამად ნორმალურ პირობებშია, თუმცა რა იქნება მომავალში, არ იცის, - იუწყება The Guardian.
პროკოპენკოს მეუღლის თქმით, ქმარმა უთხრა, რომ ტყვეობაში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებზე ძალადობა არ ყოფილა, თუმცა უცნობია, რამდენად შეეძლო პროკოპენკოს მეუღლესთან თავისუფლად საუბარი ტელეფონზე.
"პირობები შესრულებულია და ძალადობა არ მომხდარა. რა თქმა უნდა, არ ვიცით, რა იქნება შემდეგ, მაგრამ ამ მომენტში სიტუაციას აკონტროლებენ მესამე მხარეები – გაერო და "წითელი ჯვარი", – აცხადებს კატერინა პროკოპენკო.
მისი ინფორმაციით, დაჭრილი ჯარისკაცების უმეტესობა ოკუპირებული ოლენივკას ციხეშია, მძიმე დაჭრილები კი – ოკუპირებულ ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში.
17 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციის ბრძანება გასცა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


