სოროსი: "რუსეთის უკრაინაში შეჭრა შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდეს"
25/05/2022 07:52:42 მსოფლიო
ფილანთროპი ჯორჯ სოროსი აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში შესაძლოა, ახალი მსოფლიო ომის დასაწყისი გახდეს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტზე ზემოქმედების იმაზე მეტი მექანიზმი არსებობს, ვიდრე დასავლელ ლიდერებს ჰგონიათ.
უკრაინის ომზე სოროსმა დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ვახშმის დროს ისაუბრა. როგორც ის ამბობს, ომმა ევროპა "საძირკვლამდე შეარყია".
"შეჭრა შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდეს და ჩვენი ცივილიზაცია შესაძლოა ამას ვერ გადაურჩეს. საუკეთესო და, ალბათ, ერთადერთი გზა, შევინარჩუნოთ ჩვენი ცივილიზაცია - რაც შეიძლება მალე დამარცხდეს პუტინი", - თქვა სოროსმა, რომლის გამოსვლის ტექსტიც მისმა ოფისმა გაავრცელა.
სოროსის აზრით, პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის ემზადება, "მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა მიუღწევადია, რადგან მისი ნდობა არ შეიძლება. რაც უფრო სუსტდება პუტინი, მით უფრო არაპროგნოზირებადი ხდება".
მისივე თქმით, შედეგს ვერ იწინასწარმეტყველებს, მაგრამ უკრაინას "გამარჯვების შანსი აქვს".


