ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა
25/05/2022 06:46:13 მსოფლიო
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ სამი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა.
მისი ინფორმაციით, ჭურვები ფხენიანის სუნანის რაიონიდან გაისროლეს.
იაპონიის სანაპირო დაცვამ ასევე განაცხადა, რომ სულ მცირე, ორი ჭურვი, რომელიც სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტაა, ზღვაში ჩავარდა.
იაპონიის თავდაცვის მინისტრის ნობუო კიშის ინფორმაციით, პირველმა რაკეტამ დაახლოებით, 300 კმ, მეორემ კი - 750 კმ იფრინა.
თავდაცვის მინისტრმა რაკეტების გაშვებას "მიუღებელი" უწოდა და დასძინა, რომ მსგავსი ქმედება "ემუქრება იაპონიისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას".
მანამდე სამხრეთ კორეის ლიდერმა იუნ სოკ იოლმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სეულმა ჩრდილოეთ კორეის "დაშოშმინების პოლიტიკა" დაასრულა.
მისი თქმით, ნებისმიერი სახის დიალოგი ფხენიანსა და სეულს შორის კიმ ჩენ ინის მიერ უნდა იქნას ინიციირებული.
საპრეზიდენტო სასახლიდან იუნ სოკ იოლმა, რომელიც პრეზიდენტი რამდენიმე კვირის წინ გახდა, CNN-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ სამხრეთ კორეა და მისი მოკავშირეები მზად არიან, რომ ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ პროვოკაციას უპასუხონ.
"ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციებიდან ან კონფლიქტებიდან დროებით თავის დაღწევა არ არის ის, რაც ჩვენ უნდა გვსურდეს. ამ მიდგომას ვცდიდით 5 წელი, შედეგად ვნახეთ, რომ არ მუშაობს". - თქვა იუნ სოკ იოლმა.
სამხრეთ კორეის წინა ადმინისტრაციის მთავარი გზავნილი ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები და მშვიდობიანი შერიგება იყო. მაშინ, როცა იუნ სოკ იოლს ჩრდილოეთ კორეის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკა აქვს და, ამასთანავე, სამხრეთ კორეის ჯარის გაძლიერება სურს.
"არ მჯერა, რომ [ჩრდილოეთ კორეის] ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო მშვიდობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება". - თქვა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
იუნ სუკ იოლი რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა. მხარეები საერთო სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. წვრთნების მთავარი მიზანი ჩრდილოეთ კორეის შეკავებაა, რომელიც ბირთვული არსენალის გაფართოებას ცდილობს.


